ირაკლი ოქრუაშვილი: 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლება „დაუკრეფავში“ გადავიდა
გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წყალგამყოფად 2007 წლის 7 ნოემბერს ასახელებს.
როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა „პირველების“ ეთერში განაცხადა, ყოფილი ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ „დაუკრეფავში“ გადავიდა.
მისივე თქმით, 2007 წლის 7 ნოემბრამდე ხელისუფლება ქვეყანაში წესრიგის დამყარებით იყო დაკავებული.
ირაკლი ოქრუაშვილს მიაჩნია, რომ ყოფილი ხელისუფლება 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ, ძალაუფლების შენარჩუნებით იყო დაკავებული.
„ჩემთვის წყალგამყოფი, ჩემთვის გარკვეული მოვლენების დაუკრეფავში გადასვლის ზღვარი არის 2007 წლის 7 ნოემბერი.
ასე რომ, 2007 წლის 7 ნოემბრამდე არ დაგვავიწყდეს, ჩვენ რა ქვეყანა ჩავიბარეთ მაშინ ხელში, ეს არ იყო სახელმწიფო, ეს იყო დაახლოებით მეკობრეთა კუნძული, სადაც არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არათუ მუშაობდა, არამედ არც კი არსებობდა. ეს იყო ქვეყანაში წესრიგის დამყარების პერიოდი.
2007 წლის შემდეგ ქვეყანა დაემსგავსა ძალაუფლების შენარჩუნების პერიოდს, როდესაც ადამიანს, ერთ პრეზიდენტს გაცემული ჰქონდა ისეთი დავალება, რომ ოღონდ ჩემს ხელისუფლებას საფრთხე არ დაემუქროს, ამისთვის რაც გინდათ, ის მოიმოქმდეთო. შესაბამისად, ეს ყველაფერი წნეხში, დაპირისპირებაში, ადამიანების გაუპატიურებაში გადაიზარდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ,
ჩემთვის, როდესაც მე ვიყავი იმ ხელისუფლებაში, მეტწილად დაკავშირებული იყო ქვეყანაში სიტუაციის მოწესრიგებასთან და დალაგებასთან“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.