“სახელწოდების ცვლილება არ ნიშნავს, რომ „რესპუბლიკელებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა, ან კოალიცია უკვე დატოვეს”
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ფრაქციისთვის სახელწოდების ცვლილებას პროცედურულ საკითხს უკავშირებს და აცხადებს, რომ სახელწოდების ცვლილება არ ნიშნავს, რომ „რესპუბლიკელებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა, ან კოალიცია უკვე დატოვეს. როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, პარტიის 27 მარტის განცხადებაში შავით თეთრზე წერია, რომ პარლამენტში ფრაქცია „რესპუბლიკელები“ ოპონირების რეჟიმში ამ სახელწოდებით გააგრძელებენ ფუნქციონირებას. „ჩვენი განცხადების შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ დღეს პროცედურები, ვაცნობეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომ ფრაქციის სახელწოდება ამიერიდან იქნება „რესპუბლიკელები“. ეს მხოლოდ პროცედურული საკითხია“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ფრაქციის ამჟამინდელი სახელწოდების ”ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” შემადგენლობაში ”ქართული ოცნება” აღარ იქნება და ფრაქციას მხოლოდ ”რესპუბლიკელები” ერქმევა.