პროკურატურის დელეგაციამ გერმანიაში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს პროკურატურის დელეგაცია, მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერაციული მიწის იუსტიციის სამინისტროში, კიოლნის გენერალური პროკურატურის, უმაღლესი (მე-3) ინსტანციის სამხარეო სასამართლოს, ფედერალური მიწისა და გერმანიის ფედერალური კრიმინალისტიკის სამსახურების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა კოლეგებმა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს გერმანული სამართლებრივი პრაქტიკა გაუზიარეს და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მათ შორის, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო პროკურატურის მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პროკურატურის შინაგანაწესს, საქმეთა განაწილებას, შეფასების სისტემას, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, პროკურატურის როლს დანაშაულის პრევენციის კუთხით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და პროკურორების პროფესიული განვითარების სისტემას. ასევე, განიხილეს გერმანული სამართლებრივი პრაქტიკა სასამართლო საქმეებზე მტკიცებულებათა დასაშვებობის, მოწმეთა დაკითხვის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს საქათველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო სამართლებრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მზაობა გამოთქვეს დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გასაგრძელებლად.
ვიზიტი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ორგანიზებით განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა ფონდთან თანამშრომლობას, წარმატებული პრაქტიკის გაზიარებისა და პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.