“NDI-ის კვლევის გარეშეც კარგად ვიცით, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობა და სოციალური პრობლემებია”
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური NDI-ის კვლევებს აფასებს. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარ პრობლემად უმუშევრობა, სოციალური ფონი, მოქალაქეთა დასაქმება ითვლება.
მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით ბევრი გაკეთდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღარიბი ქვეყანა უკვე მდიდარი გახდა.
„ჩვენთვისაც ხელისუფლების მთავარ პრობლემად უმუშევრობა, სოციალური ფონი, მოქალაქეთა დასაქმება ითვლება. ამ მიმართულებით ბევრი გაკეთდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღარიბი ქვეყანა უკვე მდიდარი გახდა. ძირითადი გასაკეთებელი წინ არის და ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა. ჩვენი მთავარი გამოწვევა არ არის რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია და მისი პრეტენზიები – მთავარი გამოწვევა არის პრობლემები, რომლებიც არის ქვეყანაში“, – განაცხადა ძიძიგურმა.
NDI-ს კვლევების თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი გამოკითხულთა უმეტესობისთვის სამუშაო ადგილებია. გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია. 35% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი არის ფასების ზრდა/ინფლაცია, 30% – სიღარიბეს, 26% – პენსიებს ასახელებს, ხოლო ხუთეულის ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტერიტორიული მთლიანობა სახელდება.