დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომას დაესწრება

ხვალ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომას დაესწრება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, გიგი წერეთელი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.
2016 წლის 1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის სახელით, სესიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ეუთოს 57 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს მოიწვევს.
ბიუროს სხდომაზე განხილული იქნება ასამბლეის ძირითადი დოკუმენტების პროექტები – მოხსენებები და რეზოლუციები – რომელთა შემდგომი განხილვა და მიღება მოხდება თბილისში, ასამბლეის ყოველწლიურ სხდომაზე. ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია, აგრეთვე, დისკუსია ეუთოს სივრცეში მიმდინარე მოვლენებსა და აქტუალურ საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები