ოფშორული სკანდალი – “პანამა ფეიფერსის” სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტი დავით კეზერაშვილია

„პანამა ფეიფერსის” სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტი დავით კეზერაშვილია, – ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე შევიცარული გამოცემა ავრცელებს. საუბარია ჟენევის ბანკში გახსნილ ანგარიშზე, რომელსაც თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანია ფლობდა. შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ დავით კეზერაშვილი მინისტრის თანამდებობას 2 წლის განმავლობაში იკავებდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ოფშორში სამი კომპანიის რეგისტრაციისთვის.
„პანამა ფეიფერსის“ მასალების გამოქვეყნების შემდეგ შვეიცარიაში გამოძიება დაიწყო. ამასთან, პრესაში ნახსენებ ჟენევის ბანკში აცხადებენ, რომ კლიენტებს გადასახადების დამალვაში არ ეხმარებოდნენ და არც შვეიცარიის კანონი არ დაურღვევიათ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის გენერალურმა პროკურორმა ოლივიე ჟორნომ „პანამის დოკუმენტების“ გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ გაზეთი Tribune de Geneve იუწყება. ამავე დოკუმენტების პუბლიკაციის გამო შვეიცარიის პოლიციამ უეფას შტაბ-ბინაში ჩხრეკა ჩაატარა.
„პანამის დოკუმენტების“ გამოქვეყნების შემდეგ ავსტრიაში ერთ-ერთი ბანკის ხელმძღვანელი მიხაელ გრაჰამერი გადადგა. მისი სახელი ამ დოკუმენტებში ფიგურირებდა. ისლანდიაში ოფშორული სკანდალის გამო პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, ხოლო ჰოლანდიაში პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
სკანდალის მიზეზი ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ ჩატარებული გამოძიება გახდა, რომელშიც ოფშორული ანგარიშების პანამის რეგისტრატორის, Mossack Fonseca-ის საბუთები იყო გამოყენებული. ეს საბუთები ანონიმურმა წყარომ გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-ს გადასცა. დოკუმენტებში არის ინფორმაცია მსოფლიოს 12 მოქმედი და ყოფილი ლიდერის საბანკო ანგარიშების შესახებ. სიაში არიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ასევე ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები