ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
დიღმის ძმათა სასაფლაოზე ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული 9 მებრძოლი, სამი კი საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაკრძალვას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, გარდაცვლილთა ახლობლები და პოლიტიკოსები დაესწრნენ.
სოზარ სუბარის განცხადებით, აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 208 ცხედრის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ გმირების დასაფლავება 9 აპრილს დაემთხვა.
„9 აპრილი იყო დღე, რომელმაც შემოატრიალა საქართველოს ბედი და დაუდო საფუძველი საქართველოს თავისუფლებას“,-აღნიშნა მინისტრმა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, რომლებიც ცხედრების გადმოსვენებისა და იდენტიფიცირების პროცესში იყვნენ ჩართული.