დავით ნარმანია: დღევანდელი დღე არის სიმბოლო გამარჯვებისა
დავით ნარმანიამ, დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო, პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„დღევანდელი დღე არის სიმბოლო გამარჯვებისა, დღევანდელი დღე არის სიმბოლო სიძლიერისა, შეუდრეკელობისა. იმ ადამიანებმა სიცოცხლის ფასად შეგვინარჩუნეს ჩვენი ქვეყანა, დღეს რომ ასე მოვედით, ეს სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენ და ჩვენს შვილებს უკეთესი ქვეყანა გვქონოდა.
თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ მოვიდეთ აქ და ყოველთვის მოვიგონოთ მათი სახელები, დავანთოთ სანთლები მათი სულის მოსახსენებლად და არ დავივიწყოთ ისინი. ჩვენს მომავალ თაობას ყოველთვის უნდა ვუამბოთ ის საგმირო საქმეები, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს და ის რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.