“ქართული ოცნება” – ვაჟა ლელუაშვილი გარდაბნის არჩევნებში პარტიის სასარგებლოდ ჩართული არ ყოფილა
“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ვაჟა ლელუაშვილთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ფარული ჩანაწერების საქმეზე სხვა პირებთან ერთად დააკავეს, განცხადება გაავრცელა.
პარტია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის მიერ დაკავებული კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ვაჟა ლელუაშვილი ჩართული იყო გარდაბნის გამგებლის 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
“დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ, თითქოს, პროკურატურის მიერ დაკავებული კუდ-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ვაჟა ლელუაშვილი ჩართული იყო გარდაბნის გამგებლის 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
„ქართული ოცნება“ ცალსახად აცხადებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას არავითარი კავშირი არა აქვს სინამდვილესთან. გარდაბნის არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო შტაბის მუშაობას წარმართავდა პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, ხოლო ადგილობრივ შტაბს ხელმძღვანელობდა – ვანო მირიანაშვილი. ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით (!) არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის ავტორებთან ერთად, აღნიშნული ცრუ ინფორმაცია არაერთგზის გააჟღერეს სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, დაიცვან პოლიტიკური ეთიკის სტანდარტები და, ნებით თუ უნებლიეთ, არ შეუწყონ ხელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, – აღნიშნულია განცხადებაში.