ლექსო თამაზაშვილი: ჩვენს ოჯახს ჰქონდა ეჭვი, რომ მამაჩემის დაკავების სპეცოპერაციაში ვაჟა ლელუაშვილი იყო ჩართული
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი ფარული ვიდეოკადრების საქმეზე დაკავებულ ვაჟა ლელუაშვილთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ მას პირადადაც არ იცნობს.
როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, მის ოჯახს ეჭვი ჰქონდა, რომ მამამისის თამაზ თამაზაშვილის დაკავების ე.წ სპეცოპერაციაში ვაჟა ლელუაშვილი მონაწილეობდა.
თამაზაშვილმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაჟა ლელუაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები მის სიძეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდა.
„ჩვენს ოჯახს ჰქონდა ეჭვი, რომ მამაჩემის დაკავების სპეცოპერაციაში ვაჟა ლელუაშვილი იყო ჩართული. საერთოდ არ ვიცნობ ბატონ ვაჟას, მით უმეტეს, ჭორის დონეზე რას იტყვის „ნაციონალური მოძრაობა“, მაგაზე კომენტარის გაკეთება უაზრობაა.
არ გამიგია, პირველად მესმის, რომ ლელუაშვილმა ფარული კადრები ხელისუფლებას გადასცა. ვერ დავადასტურებ. არ ვიცი“,- განაცხადა ლექსო თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი კუდ-ის უფროსის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილია.