დიმიტრი ქუმსიშვილი: ერთ-ერთი დიდი პრობლემა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, პროფესიული კადრებია
“საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ – ამ სახელწოდების პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო „თბილისი მერიოტში,“ რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, რომლის ხელშეწყობითაც უნდა მოხდეს შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოვლენა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
„მთავრობის ოთხპუნქტიან რეფორმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სწორედ განათლების რეფორმას, განათლების რეფორმის ნაწილში კი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის პროფესიული განათლება. ეს მოგვცემს საშუალებას, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მივიღოთ ის პროფესიონალები, რომლებიც პრაქტიკულად ჯერ კიდევ სწავლის პროცესში საქმდებიან და სწავლის დამთავრების შემდგომ მათ გარანტირებული სამუშაო აქვთ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, ერთ-ერთი დიდი პრობლემა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, არის პროფესიული კადრები როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონებში.
„შესაბამისად, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია ამ, ასე ვთქვათ, სიცარიელის ამოსავსებად. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით იქნება საჯარო და კერძო პარტნიორობა, რაც წარმატების შანსებს უფრო მეტად ზრდის. შესაბამისად, ჩვენ – ყველანი ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი იყოს ძალიან წარმატებული, ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღოს პროფესიული განათლება და დასაქმდეს უკვე თავისი განათლების და შესაძლებლობების მიხედვით“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ინიციატივა “საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ გულისხმობს პროფესიულ განათლებაში რეფორმის გატარებას, რომლის შედეგად შესაძლებელი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WORK-BASED LEARNING) მიდგომის დანერგვა, დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერება, შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოვლენა და პროფესიულ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდა.
“საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ – ინიციატივის ორეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი (MCA) – საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.