შალვა რამიშვილის მეუღლე: თქვენზე არანაკლებ ვარ დაინტერესებული სიმართლის დადგენით
ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მეუღლე, ხატია ეკიზაშვილი მისი ქმრის მისამართით გავრცელებულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ეკიზაშვილი წერს, თუ მისი მეუღლის მიმართ წაყენებული ბრალდებები ვერ დაამტკიცა ბრალმდებელმა, ეს აჩვენებს, რომ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ადგილი აქვს ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველ, ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიას.
„ჩემო მეგობრებო, გარწმუნებთ, თქვენზე არანაკლებ, თუ მეტად არა, ვარ დაინტერესებული ამ საქმეზე სიმართლის დადგენით. თუ წამოყენებული ბრალდებები ვერ დაამტკიცა ბრალმდებელმა, მაშინ ცხადია, რომ ადგილი აქვს ჩემი მეუღლის ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველ, ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიას. ამ ეტაპზე, ველოდებით ტელეკომპანია “იმედის” მიერ შალვას გათავისუფლების მიზეზის დასახელებას. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რომელთა არსებობაც ვრცელდება…
ეს ჩანაწერი სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარედგინება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებსა ან/და სასამართლოს და მხოლოდ შემდგომ გაირკვევა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ნიშნებს. მანამდე კი დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას“, – აღნიშნავს შალვა რამიშვილის მეუღლე.
ცნობისთვის, მსახიობი თათია სამხარაძე აცხადებს, რომ შალვა რამიშვილის მხრიდან მის მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროება ხორციელდებოდა.