ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები აჭარით ინტერესდებიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან ერთად, ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის – „იუნანის დანხუნ ჯგუფის” პრეზიდენტს, ვან ტიანჩუანს შეხვდა.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,
შეხვედრაზე საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი” ფარგლებში სამეგრელოსა და აჭარაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და ჩაის ახალი ჯიშების გაშენების საკითხები განიხილეს.
ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის” პრეზიდენტი საქართველოში, კერძოდ, აჭარაში ჩაის კულტურის განვითარებითაა დაინტერესებული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგინს ჩაის პლანტაციების აღდგენა, რაც უზრუნველყოფს დარგის განვითარებას, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას და ფერმერთა სტიმულირებას. ჩაის წარმოების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ჩინური კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის” პრეზიდენტმა ჩინეთსა და საქართველოში ჩაის კულტურის ისტორიას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ჩინეთის შემდეგ, საქართველო ჩაის მეორე სამშობლოდ ითვლება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრები ბათუმის ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმს დაათვალიერებენ, სადაც აჭარაში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიას გაეცნობიან.
საქართველოში ჩაის კულტურის განაშენიანება კონსტანტინე პოპოვის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც ამ საქმის ასაღორძინებლად 1893 წელს ჩინეთიდან აჭარის ზღვისპირეთში ლაო ჯონჯაო ჩამოიყვანა. სწორედ მის სახელს უკავშირდება აჭარაში ჩაის კულტურის განვითარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები