სოსო ვახტანგიშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ პარტიები არჩევნების შემდეგ ისევ გაერთიანდნენ
„ეროვნული ფორუმის“ წევრი სოსო ვახტანგიშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ ცალკეული პარტიები ისევ გაერთიანდნენ, – ამის შესახებ მან დღეს, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისივე განმარტებით, თუ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დადგა, ეს ისევ და ისევ სახლემწიფოს ინტერესებისთვის გაკეთდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კოალიციიდან გასვლაზე გავაკეთეთ განცხადება, არცერთი ჩვენი პარტნიორისგან არ წამოსულა რაიმე კრიტიკული შენიშვნა. ის ძირითადი ამოცანა, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოცილება ხელისუფლების სათავეებიდან მიღწეულია და ეს მოხერხდა პარტნიორობით.
როდესაც კოალიციები იშლებიან, ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის მტრები ვართ. ჩვენ გაგვაერთიანა სერიოზულმა ბრძოლამ და მთელი ამ ხნის განმავლობაში პარტნიორები ვიყავით. თუ მიზანი დადგება და ის ამოცანა იქნება გადასაჭრელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის საკითხებს, ეკონომიკურ სიმტკიცეს და სხვა კუთხესაც განავითარებს, არ გამოვრიცხავ, რომ ეს პარტნიორობა შედგეს“,-განაცხადა ვახტანგიშვილმა.