რატომ მოითხოვა სახელმწიფო ბრალდებამ “მასტერას“ პატიმრობაში დატოვება – პროკურორი განმარტებას აკეთებს

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ გიორგი დგებუაძის, იგივე “მასტერას“ საქმის პროკურორ დავით ნეფარიძის თქმით, დგებუაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება უნდა დარჩენილიყო უცვლელად იმ გარემოების გამო, რომ არსებობდა როგორც მისი მიმალვის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
”აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება უნდა დარჩენილიყო უცვლელად იმ გარემოების გამო, რომ არსებობდა როგორც მისი მიმალვის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ იგი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი იყო და საქმეზე დაკითხული მოწმეების უმეტესობა წარმოადგენს იმ პირებს, რომლებიც მას სამსახურებრივად ემორჩილებოდნენ. თავად ბრალად წარდგენილი დანაშაულიც არის მტკიცებულებათა განადგურების და ფალსიფიკაციის განადგურების მაგალითი. ასევე მითითებული მუხლები, უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და, აქედან გამომდინარე, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებითაც, რომ ბრალდებული თავს არიდებდა სასამართლოში და გამოძიების ეტაპზე გამოცხადებისგან და იყო ძებნილი, არსებობს საფრთხეები”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნეფარიძემ.
მისვე თქმით, არსებობს ასეულობით მოწმე, მათ შორის სპეცრაზმელები, კუდის თანამშრომლები, რომლებიც გარკვეულწილად მონაწილეობდნენ სპეცოპერაციის შემდგომ პერიოდში და მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.
პროკურორი ასევე აცხადებს, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები და ისინი გამოკვლეული იქნება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.
გიორგი დგებუაძის საქმეზე სასამართლო პროცესი 17 მაისამდე გადაიდო. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები