„მასტერა“: ჩემთვის ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება

„ჩემთვის ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. მე ამ საქმეზე ღირსებაშელახული ვარ – ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც გიორგი დგებუაძემ პროცესზე აღნიშნა, ის არ აპირებს მიმალვას და გამოძიებისათვის ხელის შეშლას, ამიტომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა.
”ჩემთვის ახლა მიმალვა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. მე ამ საქმეზე ღირსებაშელახული ვარ. არავითარი საფუძველი, რაც პროკურორმა ჩამოთვალა, დღეის მდგომარეობით არ არსებობს.
ვთვლი, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი ფაქტები სულ სხვა მიმართულებით წაიყვანს სიტუაციას – შექმნის იმ რეალურ სურათს, რაც დაკავშირებულია ამ ტრაგიკულ ოპერაციასთან.
არანაირად ვაპირებ არც მიმალვას და არც თავის არიდებას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ასევე, ის, რომ 22-23 თვე დაიწყო, რაც წინასწარ პატიმრობაში ვიმყოფები.
რა მნიშვნელობა აქვს, ეს იქნება ჰოლანდია, ბელგია თუ მარსი? ამიტომ გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩემი ადვოკატების მოთხოვნა”, – განაცხადა გიორგი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე.
აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და „მასტერა“ პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა” საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოიყვანეს. ჰოლანდიიდან მისი ექსტრადირება მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები