ადვოკატები კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, „მასტერას“ გათავისუფლებას ითხოვენ

კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი დგებუაძის, იგივე „მასტერას“ ადვოკატები ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას და მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც დგებუაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა დავით აბესაძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დღეს პროცესუალურად არის ის დღე, როცა აუცილებლად უნდა იქნას განხილული აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ამიტომ, ბუნებრივია, დაცვის მხარე გიორგი დგებუაძის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობას დააყენებს.
„არგუმენტები იქნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევა, ანუ საუბარია, პირის საქართველოში ჩამოყვანიდან 48 საათში აღკვეთის ღონისძიების საკითხის განუხილველობაზე“, – აღნიშნა დავით აბესაძემ.
ამასთანავე, ადვოკატი სასამართლო კოლეგიას კიდევ სხვა შუამდგომლობით მიმართავს. ადვოკატის თქმით, დღეის მდგომარეობით ბრალდებულს საქმის მასალები ჯერჯერობით სრულად არ აქვს გაცნობილი და, შესააბამისად, სავარაუდოდ, ის პროცესის გადადებას მოითხოვს.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალად 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი 3 ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა ედება. გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა” საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოიყვანეს. ჰოლანდიიდან მისი ექსტრადირება მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები