დავით დონდუა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბენჯამინ ზიფს შეხვდა

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ევროპის და ევრაზიის საკითხთა ბიუროს საჯარო დიპლომატიის მიმართულების კურატორს, ბენჯამინ ზიფს შეხვდა, რომელიც საქართველოს ნატოს სახალხო დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში სტუმრობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბენჯამინ ზიფი შეხვედრებს მართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ძირითადად, საქართველოს ხელისუფლების მიერ სახალხო დიპლომატიის მიმართულების გაძლიერების საკითხი განიხილება.
დავით დონდუამ მიმოიხილა სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპონენტების გაძლიერების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და გასატარებელი ღონისძიებები, რაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამერიკული მხარის ჩართულობასა და მხარდაჭერას. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერების მნიშვნელობაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პროგრესის უკეთ წარმოჩენის მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტის სამზადისი და მოლოდინები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამიტზე საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეული შედეგების სათანადო ასახვის მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები