პრეზიდენტი: პრემიერთან შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებები ან საკადრო თემები არ განხილულა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სამუშაო შეხვედრა დასრულდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, საუბრის თემა რეგიონში მიმდინარე პროცესებია.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში პრესკონფერენცია გამართა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.
ამასთან, პრეზიდენტმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრემიერთან დღეს გამართულ შეხვედრაზე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.
“სამთავრობო ცვლილებები ან საკადრო თემები დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.