პროკურატურამ გარდაცვლილი პატიმრის გიგა ფარტენაძის საქმე გახსნა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების №14 დაწესებულებაში პატიმარ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე გახსნა. საგამოძიებო უწყებამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მსჯავრდებულების – შოთა შანიძის, ლევან მოისწრაფიშვილის და გიორგი სეხნიაშვილის მიმართ. დანაშაული 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„2014 წლის 4 მარტს, სასჯელაღსრულების №14 დაწესებულებაში პატიმარ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო შოთა შანიძის, ლევან მოისწრაფიშვილის და გიორგი სეხნიაშვილის მიმართ.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით 02:20 საათზე, სად-ის N14 დაწესებულების მეექვსე სარეჟიმო კორპუსის N322 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს – შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის არსებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შოთა შანიძემ, გიორგი სეხნიაშვილმა და ლევან მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ მის მიმართ სასტიკ ძალადობას, კერძოდ გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ თავს. აღნიშნული ქმედება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, რა დროსაც გიგა ფარტენაძე გადაყვანილი იქნა №14 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც გაწეული დახმარების მიუხედავად, იგი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილია, რომ გიგა ფარტენაძის გარდაცვლების მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით.
აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით შოთა შანიძისა და ლევან მოისწრაფიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მერვე ნაწილით, ხოლო გიორგი სეხნიაშვილის მიმართ სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მერვე ნაწილით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.