სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებები მოხდა
2 აპრილს ღამით მთიანი ყარაბაღის საზღვარზე სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებები მოხდა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს 60 და 80-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა არცრუნ ოვანესიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მთელი საზღვრის ხაზზე ღია შეტევა დაიწყო და ამჟამად იქ ბრძოლები მიმდინარეობს.
ერევნის ინფორმაციით, ცეცხლი გაიხსნა არა მარტო საზღვრისპირა დასახლებული პუნქტების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის და სამხედრო ნაწილების მიმართულებით.
სომეხი სამხედროების ცნობით, მათ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
„აზერბაიჯანულმა მხარემ ცოცხალი ძალის და ტექნიკის დიდი დანაკარგი განიცადა“, – აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.
ამასთანავე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ვაგიფ დიარგახლიმ ეს ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, აზერბაიჯანის ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ ერევნის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ დღე-ღამეში ცეცხლი 127-ჯერ გაიხსნა, მათ შორის ნაღმმტყორცნებისა და ტყვიამფრქვევების გამოყენებით.