დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეახსენა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს შესაბამის სამსახურს სასწრაფო წესით დაავალა იმ დეპუტატების სია, რომლებიც ოთხშაბათს სხდომათა დარბაზში არ გამოცხადდნენ.
დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს კიდევ ერთხელ შეახსენა ამომრჩევლის წინაშე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
„ჩვენ ვმართავთ საქართველოს პარლამენტის სხდომას. ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტის სხდომა ვერ შედგა. უმრავლესობის სხდომა კი არა, არამედ – საქართველოს პარლამენტის სხდომა ვერ შედგა. ჩვენ, ყველა, საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ. მის გამართულ ფუნქციონირებაზე ყველა არის პასუხისმგებელი.
ამიტომ ყოველგვარი კენჭების სროლა აქეთ-იქით, ვინ სწორად იქცევა, თუ თავისი რიგებით ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის მუშაობას, ეს ხალხი, თუ ის ხალხი, რომელიც აქ, პარლამენტში, ბრძანდება და რეგისტრაციას პოლიტიკური მოტივებით არ გადის, ამის შეფასება ამომრჩეველმა გააკეთოს.
ამაზე დებატებს ნუ გავხსნით, მაგრამ გთხოვთ, გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს პარლამენტში ვართ, არა „ქართული ოცნების“ , არა „ნაციონალური მოძრაობის“ , არა „თავისუფალი დემოკრატების“ თავყრილობაზე.
ოთხშაბათს თუ სხდომა ვერ შედგა, მე ვთხოვ შესაბამის ტექნიკურ სამსახურს, ამ წუთასვე, დღესვე პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ოთხშაბათის რეგისტრაციის მონაცემები განთავსდეს, ვინ იყო პარლამენტში და ვინ არ იყო. რატომ ვერ შედგა სხდომა? რატომ იყო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი მთელი დღე და გველოდა, შევძლებდით თუ არა შეკრებას, ვისი ბრალი იყო და ასე შემდეგ“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტს, პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ ჩატარდა. მიზეზი კვორუმის უქონლობა გახდა. შედეგად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა.