თურქეთში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც რუსი პილოტი მოკლა
თურქეთის ქალაქ იზმირში ალპარსლან ჩელიკი დააკავეს, რომელმაც რუსული ბომბდამშენის „სუ-24“-ის პილოტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ თურქეთის პოლიცია იუწყება.
თურქული მედიის ცნობით, ალპარსლან ჩელიკი ქალაქ იზმირის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. მასთან ერთად პოლიციამ კიდევ 14 პირი დააკავა. ჩელიკს და მასთან ერთად მყოფ პირებს „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი აღმოაჩნდათ. ამ ეტაპზე „ბოევიკებს“ იარაღის უკანონო ტარებაში ადანაშაულებენ. ამასთანავე, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ანკარა ამით მოსკოვთან ურთიერთობების მოგვარების გზებს ეძებს. რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც თურქულმა ავიაგამანადგურებლებმა რუსული „სუ-24“ ჩამოაგდეს, რომელმაც თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახერხა, მაგრამ ერთ-ერთი პილოტი ოლეგ პეშკოვი „ბოევიკებმა“ მაშინ მოკლეს, როდესაც ის პარაშუტით ეშვებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ ფაქტს რუსეთის ფედერაციისთვის „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა.