დავით ზურაბიშვილი: ამ ხელისუფლებაში ვერ ვხედავ დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის ამბიციას
ამ ხელისუფლებაში ვერ ვხედავ იმ ამბიციას, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ოღონდ არასწორად ახორციელებდა. ეს არის ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის ამბიცია, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების “ წევრმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ყველაფერი უფრო რუტინად არის ქცეული. მივყვებით ინერციას. სახიფათო ტენდენციები მიიღო უკვე წინა ხელისუფლების პრაქტიკის გამოყენებამ. აი მაგალითად, როდესაც სააკაშვილი იტყუებოდა, ამ ტყუილს სამი ტელევიზია ერთად გადმოსცემდა. ახლა ეს აღარ ხდება. ამიტომ, ახლა თუ რამეს არასწორად ვაკეთებთ, ეს სხვანაირად შუქდება. ეს ის პრობლემებია, რომელთა გამოც, „რესპუბლიკურ პარტიას“ ჰქონდა სერიოზული უთანხმოება მმართველ ძალასთან. ჩვენი წამოსვლა არ ყოფილა იმის გამო, რომ ვიღაცას თანამდებობები არ ჰქონდა. ჩვენ ვთვლით, რომ საკმაოდ ბევრი თანამდებობა გვაქვს და საკმაოდ მაღალიც. იმ მიმართულებებსაც, რაც აბარია „რესპუბლიკურ პარტიას“, ჩვენ, ასე თუ ისე, წარმატებით ვუძღვებით“,- განაცხადა ზურაბიშვილმა პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას.