დავით საყვარელიძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და ოდესის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე. ამის შესახებ საყვარელიძემ ფეისბუქში დაწერა.
„ცოტა ხნის წინ მე დამირეკა ბატონმა სუსმა – ეს ადამიანი სათავეში უდგას ახლად შექმნილ დეპარტამენტს, რომელიც აშკარად შეთითხნილი საქმეებით არის დაკავებული, მათ შორის ჩემი გუნდის წინააღმდეგ. მან პარასკევს დაკითხვაზე დამიბარა დაკარგული 2 მილიონი დოლარის საქმესთან დაკავშირებით“, – წერს საყვარელიძე.
საყვარელიძე ასევე აცხადებს, რომ სუსმა რამდენიმე დღის წინ გენერალური პროკურატურის თანამშრომლები დააშანტაჟა, რათა ისინი „დაევერბოვკებინა“.
საყვარელიძის თქმით, სუსი ყალბი ჩვენების ჩაწერას ცდილობდა, რასაც მოგვიანებით დავით საყვარელიძისა და მისი გუნდის დისკრედიტაციისთვის გამოიყენებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 29 მარტს უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან დავით საყვარელიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.