ვახტანგ გომელაური „ოდეერებზე“: როდესაც სუს-ი გამოეყო შსს-ს, მას შემდეგ ეს სამსახური გაუქმდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კანონის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურს უფლება აქვს, 25 სტრატეგიულ დაწესებულებაში საკუთარი ოფიცერი დანიშნოს, თუმცა ორივე მხარის თანხმობის შემდეგ. თუ ვინმეს სურვილი არ აქვს, რომ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ჰყავდეს სამსახურში, დანიშვნა ცალმხრივად ვერ მოხდება.
გომელაურის თქმით, ნახევრაზე ოდნავ მეტი – 16 ოფიცრამდე არ არის წარდგენილი.
რაც შეეხება ე.წ. ოდეერების თემას, ვახტანგ გომელაურმა განმარტა, რომ მსგავსი მართვის პრაქტიკა მას შემდეგ გაუქმდა, რაც აღნიშნული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო.
„როდესაც სუს-ი გამოეყო შსს-ს, მას შემდეგ, კანონის მიღების შემდეგ, ეს სამსახური გაუქმდა, იყო დამტკიცებული პარლამენტის მიერ იმ 25 ობიექტზე, სტრატეგიულ ობიექტზე, სადაც უნდა მივლენილიყვნენ ოფიცრები, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ნახევარზე ოდნავ მეტი, 16 კაცამდეც ჯერ არ არის დანიშნული. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ ხდება ერთი პირის გადაწყვეტილებით.
ძველ კანონში ეწერა, რომ შს მინისტრი (მაშინ ერთი იყო ეს სტრუქტურა, მთლიანად) იღებდა გადაწყვეტილებას, ამა თუ იმ, – სამინისტრო იყო თუ სამსახური, წარგზავნიდა „ოდეერს“ და იქ უნდა დანიშნულიყო აუცილებლად. დღეს, ეს არის ორმხირივი ხელშეკრულების, ასე ვთქვათ, მიღებული პრაქტიკა, რომ თუ რომელიმე მხარე წინააღმდეგია, ეს ადამიანი არ დაინიშნება. ანუ ასე რომ გადაწყვიტა სუს-ის უფროსმა, რომ ეს ადამიანი უნდა წავიდეს, დაინიშნოს, ამა თუ იმ სამსახურში თუ სამინისტროში, ასე არ ხდება, თუ იქიდან არ იქნება, რა თქმა უნდა, თანხმობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა.