“ეს არის საპილოტე პროექტი, ვინაიდან, ვფიქრობთ, რომ მისი პოტენციალი არის ასმაგი, ვიდრე დღეს გააჩნია”
ეს არის საპილოტე პროექტი, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ მისი პოტენციალი არის ასმაგი, ვიდრე დღეს გააჩნია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს “ექსპო-ჯორჯიაში” განაცხადა, სადაც კომპანია “ბლაუენშტაინ საქართველოს” საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა.
მისი თქმით, ეს არის შემთხვევა, როცა მთავრობის წევრები ალბათ უნდა გაჩუმდნენ და დაეხმარონ კომპანია “ბლაუენშტაინ საქართველოს”, რომ უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ.
“მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენი გუნდის მოტივაცია, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო განვითარდეს და მეტი მასშტაბი მიიღოს, დღეს გაათმაგებულია. ეს არის საპილოტე პროექტი, ვინაიდან, ვფიქრობთ, რომ მისი პოტენციალი არის ასმაგი, ვიდრე დღეს გააჩნია. მოდელი, რომელიც თქვენ დანერგეთ, არის ყველაზე თავსდებადი ქართული სასოფლო-სამეურნეო წარმოების კულტურასთან და თითოეული ადამიანის მოტივაციასთან, რომელიც ამ პროექტში არის ჩართული. ზუსტად ეს არის მოდელი, რომელიც წვრილ მეწარმეს უნარჩუნებს მესაკუთრის ამბიციას და, ამავე დროს, იძლევა საშუალებას, დაინერგოს საუკეთესო ევროპული ტექნოლოგიები. ასევე იძლევა დაფინანსების და მასშტაბების ეკონომიის საშუალებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის მესვეურებს მთავრობის მხარდაჭერა აღუთქვა.