აშშ-ს თურქეთიდან სამხედროების და დიპლომატების ოჯახები გაჰყავს
აშშ-ს თურქეთიდან სამხედროებისა და დიპლომატების ოჯახები მათი უსაფრთხოების მიზნით გაჰყავს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.
„ჩვენი ოჯახების და სამოქალაქო პირების ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციების შედეგად არის მიღებული“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა.
მან ასევე დაამატა, რომ ვაშინგტონს ესმის ამ გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგები, მაგრამ აშშ-მ უნდა უზრუნველყოს სამხედროების ოჯახების წევრთა უსაფრთხოება, რაც შეიარაღებული ძალების ეფექტურობას გაზრდის.
ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეს – თურქეთს მხარი უნდა დაუჭიროს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ, სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი მის ისტორიაში ტერორის ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ტალღამ დაფარა.