საერთაშორისო კიბერდანაშაულის ფაქტი აღკვეთეს

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საერთაშორისო კიბერდანაშაულის ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. “გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგენილია, რომ ნუგზარ მაჭარაშვილი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დახმარებით ამზადებდა ყალბ პლასტიკურ ბარათებს, რომლებზეც მართლსაწინააღმდეგოდ გადაჰქონდა უცხოეთის მოქალაქეთა „ამერიკან ექსპრეს ქარდის“ პერსონალური ელექტრონული ინფორმაცია. შემდგომში კი დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული ავთანდილ ჯიჯავაძის და ბადრი კვირიკაძის დახმარებით, თანხის განაღდებას ახდენდნენ თბილისში, სხვადასხვა კვების ობიექტებსა და ელექტროტექნიკის მაღაზიებში არსებული „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნენ: ნუგზარ მაჭარაშვილი, ავთანდილ ჯიჯავაძე და ბადრი კვირიკაძე“,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები