ვახტანგ მაისაია სუს-ის ანგარიშზე – კიბერუსაფრთხოების კუთხით შეძლეს ეფექტური კონტრზომების მიღება

რუსეთიდან მომავალი საფრთხეებს თავის დროზე სწორედ “ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აცნობიერებდა. ამიტომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, – ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია საპარლამენტო უმცირესობის წევრების კრიტიკას იმის თაობაზე, რომ არსებული ხელისუფლება რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს ვერ აცნობიერებს.
როგორც მაისაიამ “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, ახალმა ხელისუფლებამ მათი შეცდომები გაიმეორეს.
“რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს წინა ხელისუფლება თუ აცნობიერებდა, ესაა საკითხავი, ფაქტია, რომ ვერ აცნობიერებდა და იმიტომაც მივიღეთ ის, რაც მივიღეთ ჟანგიანი ტანკებით, რომ ებრძოდნენ საფრთხეებს. მხოლოდ შიდა კომფორტზე იყვნენ გადასულები და რეჟიმის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. გადახედონ იმ შედეგებს, რაც დატოვეს, ვიდრე სხვის კრიტიკას დაიწყებდნენ. “ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მსგავსი განცხადებებით არსებულ ხელისუფლებას თავიანთი შეცდომების გამეორებისკენ უბიძგოს და ისეთი ტრაგიკულ შედეგებამდე მივიდეთ, რისი მომსწრენიც 2008 წლის აგვისტოში გავხდით. რუსეთიდან მომავალი საფრთხეები, სამწუხაროდ, იმდენად რეალურია, რომ ამას ყველა ამჩნევს, და რაიმე განსაკუთრებული დაკვირვება არაა საჭირო. ვფიქრობ, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს იმის უნარი, რომ ადეკვატური პასუხები გასცეს ამ საფრთხეებს“, – განუცხადა “კვირას“ ვახტანგ მაისაიამ.
რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშს, მაისაია ანგარიშს, ძირითადად, დადებითად აფასებს და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გატარებულ კონტრზომებს იწონებს.
“საკმაოდ დადებითად ვაფასებ ანგარიშს, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების კუთხით შეძლეს ეფექტური კონტრზომების მიღება. რაც შეეხება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ზოგადად, სტანდარტული, მსოფლიო პრაქტიკაში არსებული ზომებით დღეს უკვე ცოტა რთულია “ისლამურ სახელმწიფოსგან“ მომავალ საფრთხეებს დაუპირისპირდე. “ისლამურმა სახელმწიფომ და მასთან ასოცირებულმა ჯიჰადისტურმა ორგანიზაციებმა შეცვალეს მოქმედების ტაქტიკა, ამიტომ სპეცსამსახურების მიერ საჭიროა არასტანდარტული, არაორდინალური მიდგომების შემუშავება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართლებით ადეკვატური ღონისძიებები ტარდება“, – განაცხადა მაისაიამ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ სუს-ის ანგარიში პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ მოისმენენ. ანგარიშს სესიაზე სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები