გიორგი მარგველაშვილი გაეროს ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მას თავიანთი ვიზიტის მიზანი გააცნეს და განაცხადეს, რომ დაინტერესებულები არიან საქართველოში არსებული ვითარებით, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობით.
აღსანიშნავია, რომ მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და ყურადღება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ ბოლო დროს სხვადასხვა სფეროში განახორციელა.
დღევანდელ შეხვედრისას საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ამ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო. საქართველოში სტუმრად მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში კოსტა რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები არიან გაეროსთან.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩებს დაგეგმილი აქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონული ოფისის, ასევე წეროვანის დევნილთა დასახლებისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთის მონახულება.
გაეროსთან აკრედიტებული ელჩები შეხვედრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთანაც გამართავენ. შეხვედრას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ. დღევანდელ შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები