ბარამიძე დაულის განცხადებაზე: ეს არის სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟიც კი

„ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის პირობების დაყენება სხვა ქვეყნისათვის, ეს არის ზეწოლა და შანტაჟიც კი“, – ასე გამოეხმაურა პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგლა ბარამიძე ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის ჯოზეფ დაულის განცხადებას.
ბარამიძის თქმით, დაულის განცხადება ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს სცილდება. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსი ეჭვობს, რომ დაულის მიერ წაკითხული განცხადება შესაძლოა, სულაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყოფილიყო დაწერილი.
„თავისი ჰაბიტუსით დახლიდარს მიმსგავსებული სუბიექტი გაოცებას იწვევს თავისი ოფიციალური განცხადებით. ეს არის კლასიკური ნიმუში უცხო ქვეყნის პოლიტიკური ძალის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისა. საქართველოს წინა და დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობის გამო ჩვენ შევეჩვიეთ, რომ უცხო ქვეყნის ჩინოსნები განურჩევლად რანგისა, სტატუსისა, შესაძლებლობებისა და მასშტაბებისა, ელჩები ხელს გვიქნევენ, პოლიტიკურ დღის წესრიგს გვიდგენენ, მთავრობის სხდომებს გვიჯამებენ… ესეც ამ ოპერიდან არის. ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის პირობების დაყენება სხვა ქვეყნისათვის, ეს არის ზეწოლა და შანტაჟიც კი, რადგან ტექსტში ყოველი აბზაცის მერე ნათქვამია, თუ ამას არ გააკეთებთ, ასე იქნება და ასე შემდეგ. რაღა კარასინის მუქარანარევი ტონი და რაღა ამ ევროპელი ჩინოსანის კოხტაპრუწობა საქართველოში ჩამოსვლამდე. აქედან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ყველაფერს იკადრებს და არ არის გამორიცხული, რომ ეს სცენარი და ტექსტი მათი დაწერილი იყოს და მან უბრალოდ წაიკითხა ის, რადგან ეს განცხადება ყოველგვარ ევროპულ დიპლომატიურ ჩარჩოებს სცილდება. მე ძნელად წარმომიდგენია აზერბაიჯანის, ან ბელორუსიის, ან თუნდაც სხვა ქვეყნის ხელისუფლებას ასეთი ულტიმატუმის ტონით რომ ესაუბროს უცხო ქვეყნის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. მე ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ ამ პიროვნებას ნუ შეხვდება“,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა, ჯოზეფ დაულის „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები