შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული შოთა ჩ. დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის იანვრამდე პერიოდულად სარგებლობდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – სს „ნოვატექნოლოჯი“-ს ვებგვერდით "www.paybox.ge". საბარათე ანგარიშის გადახდის პროგრამის საშუალებით, მის სახელზე არსებული სხვადასხვა საბანკო ანგარიშებიდან ონლაინ ტოტალიზატორებში საკუთარ ანგარიშებზე რიცხავდა ფულს. შოთა ჩ. თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, სს „ნოვატექნოლოჯი“-სთვის გაგზავნილ ინფორმაციაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით, თაღლითურად ცვლიდა თანხას. ის ხელოვნურად ამცირებდა საბანკო ანგარიშიდან ჩამოსაჭრელი თანხის ოდენობას, ხოლო სს „ნოვატექნოლოჯი“-დან უკანონოდ იღებდა დიდი ოდენობით ფულს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შოთა ჩ. თაღლითურად დაეუფლა სს „ნოვატექნოლოჯი“-ს კუთვნილ 577 742,71 ლარს.
სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები და ბანკის პლასტიკური ბარათი ამოიღეს.
გამოძიება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
კომენტარები
კომენტარი