რა საიდუმლო გაუმხილა ზურაბ ჟვანიას მეუღლემ მიხეილ სააკაშვილს?!
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან ექსპრემიერის გარდაცვალების შემდეგ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიასგან შეიტყო, რომ ბადრი პატარკაციშვილმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე საკმაოდ დიდი თანხა მისცა – ამის შესახებ ინფორმაცია ექსპრეზიდენტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ გაახმაურა.
„როდესაც ზურა გარდაიცვალა, ვთხოვე მის მეუღლეს, ჩემთან მოსულიყო. როდესაც მოვიდა, ვკითხე, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს? მან მიპასუხა, არა, არ მგონიაო. შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო… თუმცა, ერთი საინტერესო რამ მითხრა, რომ ზურას გარდაცვალებამდე ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ბევრი ფული მისცაო და ამის ნაწილი მინდა ამოვიღოო. ვარაუდობდა, დაცვის თანამშრომლები სანამ მივიდოდით, თანხა ხომ არ წაიღესო. როგორც ჩანს, ნინოს პატარკაციშვილმა უთხრა, რომ მან ზურას ბევრი ფული მისცა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტი ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სიმართლის დასადგენად ორ გზას ხედავს. ეს არის FBI-ის დასკვნის გამოქვეყნება და გვამის ექსჰუმაცია.
„დღეს ვინ ლაპარაკობს სხვა ვერსიებზე? ის ხალხი, ვინც მას ტალახს ესროდა? თუ, უნდათ ამ თემით სპეკულირება? თუ, ეს არ იყო გაზით მოწამლვა, გამოჩნდება ექსჰუმაციით. ჯერ ერთი, გამოაქვეყნონ FBI -ს დასკვნა. რას მიედ-მოდებიან. ორი გზაა, რომელიც ერთ წუთში მოკლავს ყველა ეჭვს. პირველი, გამოქვეყნება მსოფლიოს საუკეთესო სააგენტოს მიერ გაკეთებული და მეორე, გვამის ექსჰუმაციის დასკვნა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.