„როდესაც მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შენი ტანკები დგას, ყველაფერი ნათელია“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მუქარები და მითითებები სიახლე არ არის და ამ ქვეყნის პოზიცია საქართველოს ტერიტორიაზე მდგარი ტანკებითაც მკაფიოდ ჩანს. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურთან, გენერალ ფილიპ მარკ ბრიდლავთან ერთად მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რა უნდა გააკეთოს საქართველომ რუსეთის წარმომადგენლების მუქარის შემცველი განცხადებების პასუხად და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ქვეყანას ვარშავის სამიტისგან.
„ყოველდღიურად გამოხატული აგრესია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და საზღვრების ნაბიჯ-ნაბიჯ გადაწევ-გადმოწევის მუდმივი მცდელობა არის ყველაზე უფრო ნათელი დასტური იმ რეალობის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ყოველდღიურად. ჩვენთვის ასევე ნათელი მაგალითია, რისთვის ან რის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოდეთ მუდმივად. არ არის საჭირო სიტყვები, მუქარის მოსმენა, მითითებები… როდესაც შენი ქვეყნის ტანკები დგანან მეზობელი სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მოქმედებაში არიან მოყვანილნი იმის მიხედვით, როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს შენი ხელმძღვანელობა, ვფიქრობ, აქ ყველაფერი ისეც სრულიად ნათელი და მარტივია. მარტივია საქართველოს პოზიციაც. ის ფაქტი, რომ დღეს მე ვდგავარ ტრიბუნასთან, როგორც თავდაცვის მინისტრი, ასევე პასუხია ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას“,- აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები