თინათინ ხიდაშელი: ტერორისტებს უსაფრთხოების პრევენციითა და თავისუფლების საზღვრების გაფართოებით უნდა ვუპასუხოთ

„ერთი მხრივ, უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები და პრევენცია, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტი თავისუფალი რეჟიმით უნდა გასცეს პასუხი ევროპამ მსგავსი ტიპის აგრესიას“,- ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტის მიერ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე დასმულ შეკითხვას.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტები ტერორისტების მიერ გამოხატული ერთგვარი ცინიზმი იყო.
„ორი მთავარი ამოცანა არის დღეს ჩვენს წინაშე. ყველა ძალის მობილიზებით, უნდა შევქმნათ შესაძლებლობა, რომ მსგავსი ტიპის ტერორისტული აქტების პრევენცია მოხდეს. როდესაც 11 სექტემბრის ტერაქტი მოხდა ნიუ-იორკში, მაშინ ყველას ჰქონდა განცდა, რომ ამაზე უარესი შეუძლებელია დაემართოს მსოფლიოს. თუ ეს შესაძლებელი იყო მომხდარიყო ნიუ-იორკში, მაშინ ყველა დაუცველი რჩებოდა. ვფიქრობ, გუშინდელმა ბრიუსელმა აბსოლუტურად ანალოგიური ემოციით დატოვა მსოფლიო, ქალაქი, რომელიც ყველას გვგონია, რომ ყველაზე მეტად დაცულია, რადგან იქ განლაგებულია, თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, ყველაზე უფრო მძლავრი კომპლექსური ორგანიზაციების შტაბ-ბინები. ცინიზმის პასუხიც სწორედ ეს იყო – ბრიუსელი და არა რომელიმე სხვა ქალაქი იმისათვის, რომ ყველას – ევროპის მოქალაქეებს, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ევროპული ოჯახის, ცივილიზებული სამყაროს წევრობა გვინდა, გაგვიჩინოს დაუცველობის და უსუსურობის განცდა. ამიტომ, პირველი პასუხი უნდა იყოს, სწორედ, უსაფრთხოების პრევენცია. უნდა იყოს გატარებული ღონისძიებები ერთიანი ევროპის მხრიდან, რომელიც შესაძლებლობას მოუსპობს ტერორისტებს, რომ უპასუხოდ დარჩეს მათი მოქმედებები.
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ პასუხი არ უნდა მოიცავდეს თავისუფლებების შეზღუდვას, საზღვრების ჩაკეტვას, არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ჩვენმა თავისუფლებამ, თავისუფლების საზღვრების გაფართოებამ, დაგვაყენა ამ საფრთხის წინაშე. სწორედ, თავისუფალი მოქალაქეების მიერ შექმნილი თავისუფალი სახელმწიფოები არის ყველაზე სწორი პასუხი ნებისმიერი ტიპის აგრესიაზე და მათ შორის ტერორისტულ აქტებზე“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრს მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვები ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურთან, გენერალ ფილიპ მარკ ბრიდლავთან ერთად თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები