გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მიმზიდველობას მისი სტრატეგიული მდებარეობაც განაპირობებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მიმზიდველობას, სხვა ძირითადი მიმართულებების გარდა, მისი სტრატეგიული მდებარეობაც განაპირობებს.
მისივე განმარტებით, საქართველოს, როგორც ტვირთების გადაზიდვისა და აზიიდან ევროპაში ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების რეგიონალური ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება; ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ძირითადი რეგიონალური სატრანზიტო მარშრუტები საქართველოზე გაივლის. აღნიშნულის შესახებ მან საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, საქართველო მრავალ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს:
ახალი ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, რომლის მშენებლობის დაწყება იგეგმება 2016 წელს – მას შესაძლებლობა ექნება, მიიღოს PANAMAX-ის ტიპის მსხვილი ტონაჟის სატვირთო გემები და პორტის ტვირთბრუნვა წელიწადში 100 მილიონ ტონას შეადგენს;
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პირდაპირ დააკავშირებს ერთმანეთთან თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, რაც ორჯერ შეამცირებს საქონლის აზიიდან ევროპაში გადაზიდვის დროს და პირიქით. პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის იგეგმება;
მულტიმოდალური სამარშრუტო მატარებელი (Silk Wind) მიმართულია ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით, ევროპისკენ მიმავალი სარკინიგზო კონტეინერული სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისკენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის” შესახებაც ისაუბრა, რომელიც იყო მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, რათა გაფართოებულიყო თანამშრომლობა ოთხ ძირითად დარგში – ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და სახალხო დიპლომატია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფორუმმა ბევრი ქვეყანა და აბრეშუმის გზის მარშრუტთან დაკავშირებული ბიზნესის მთავარი ხელმძღვანელები დააინტერესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები