დიმიტრი ხუნდაძე: ტერორიზმის მიმართ მსოფლიოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს ეხმაურება და მიიჩნევს,რომ ტერორიზმის მიმართ მსოფლიოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და უფრო ხისტი და ეფექტური გახდეს.
“უკვე მერამდენედ გვიწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისადმი სამძიმრის გამოცხადება. ბრიუსელში ტერაქტის მოწყობა ღია მესიჯია მსოფლიო და განსაკუთრებით, ევროპული პოლიტიკის მიმართ. დღეს ყველა დავრწმუნდით, რომ ტერორიზმს არა აქვს არა მხოლოდ საზღვრები, არამედ განუსაზღვრელია მისი მასშტაბებიც. ფაქტია, რაც უფრო მკაცრდება უსაფრთხოების ზომები, მით უფრო იზრდება მისი არეალი. დღეს საზოგადოება სვამს კითხვას პოლიტიკოსების მიმართ, გადაიხედება თუ არა ტერორიზმის წინააღმდეგ სტრატეგია და როდის შეიძლება შეწყდეს ეს საშინელი ქმედებები. მსოფლიოს ყველა სახელმწიფო, მიუხედავად ურთიერთდამოკიდებულებისა, თანხმდება და თანამშრომლობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ სასურველი შედეგი ჯერ არ გვაქვს. ჩვენ ვებრძვით ფაქტებს და უშუალო დაჯგუფებებს, მაგრამ ვფიქრობ, მეტად საყურადღებოა, ვიპოვოთ ტერორიზმის წარმოშობის მიზეზები და პირველ რიგში სწორედ ამ მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ. თუ მიზეზი სწორად არ გავაანალიზეთ, შედეგის მიღწევა რთული იქნება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს პოლიტიკა ტერორიზმის წინააღმდეგ უნდა შეიცვალოს და გახდეს უფრო ხისტი და ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს წინაშე მდგარი საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.