თევზაძე ბრიუსელის ტერაქტზე: შესაძლოა, უფრო სერიოზული საფრთხეების წინაშე აღმოვჩნდეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პარტია “საქართველო მშვიდობისთვის” ხელმძღვანელმა დავით თევზაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბელგიაში მომხდარი ტერაქტების შესახებ ისაუბრა.
ყოფილი მინისტრის განმარტებით, ტერაქტებს ბევრად მეტი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვებოდა, რადგან, სავარაუდოდ, ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა გეგმის ამუშავება პარიზის ტერაქტზე ბრალდებულის დაკავებამ დააჩქარა.
თევზაძის განცხადებით, ბელგიელმა სამართალდამცავებმა ცოტა იჩქარეს ტერაქტში ბრალდებული პირების დაკავება. მისი თქმით, უმჯობესი იყო, ისინი დაკვირვების ქვეშ ჰყოლოდათ და მთლიანად ქსელი გაენეიტრალებინათ.
„როგორც ჩანს, ბრიუსელის ტერაქტები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იგეგმებოდა. შესაძლოა, გუშინ არ ყოფილიყო დაგეგმილი გეგმის ამუშავება, თუმცა პარიზის ტერაქტზე ბრალდებულის დაკავებამ მოვლენები დააჩქარა. ის, რაც ჩაფიქრებული, იყო რეალურად არ განხორციელებულა, შესაძლოა, ამ ტერაქტს მეტი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყოლოდა. ბელგიელმა სამართალდამცავებმა ცოტა იჩქარეს ტერაქტში ბრალდებული პირების დაკავება. უმჯობესი იყო ისინი დაკვირვების ქვეშ ჰყოლოდათ და ამ გზით არა ერთი ან ორი, არამედ ბევრად მეტი ადამიანი დაეკავებინათ და მთლიანად ქსელი გაენეიტრალებინათ. დაკავებული ადამიანი შესაძლოა, ტერორისტების ჯგუფის ერთი ჩვეულებრივი წევრი ყოფილიყო და არა მთავარი. ეს ჯგუფები ევროპაში საკმაოდ სერიოზულად არიან, ისინი ახლახან არ გაჩენილან. წლების მანძილზე კეთდებოდა ტერორისტული ქსელის ინფრასტრუქტურა და შესაძლოა, უფრო სერიოზული საფრთხეების წინაშე აღმოვჩნდეთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. ეს ბელგიაზე არ გაჩერდება“,- განაცხადა დავით თევზაძემ.
რაც შეეხება „აი-სი-სის“ განცხადებას, სადაც ისინი ჯვაროსნებზე საუბრობდნენ, თევაძის განცხადებით, სიტყვა „ჯვაროსნობას“ ისინი ხშირად ანტიტერორისტულ კოალიციასთან მიმართებაში ხმარობენ და „ჯვაროსნულ ქვეყნებს“ უწოდებენ, მათი მთავარი სამიზნე დასავლეთ ევროპაა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, თურქეთში ქურთული ავტონომიისთვის ბრძოლა დიდი ხანია გრძელდება, ამიტომ ძნელი სათქმელია, ტერაქტების უკან დგას „ისლამური სახელმწიფო“ თუ ის ადამიანები, ვინც ქურთული სეპარატიზმისთვის იბრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები