საქართველო-ბელორუსიის თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები გრძელდება

სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში საქართველო-ბელორუსიის თანამშრომლობაზე საუბარი ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებულ მოლაპარაკებებზე გაგრძელდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ეფექტურ ფორმატად შეფასდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომისიის სხდომებზე მიღწეული შეთანხმებების აღსრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ამ მიზნით, კომისიის თანათავმჯდომარეებად ბელორუსიის რესპუბლიკისა და საქართველოს ვიცე-პრემიერები დაინიშნენ.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით არსებულ პოტენციალს, საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ბელრუსიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს, საქართველოსა და ბელორუსიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შედეგების შესახებ და შეთანხმებას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ასევე, გაფორმდა შეთანხმება, საქართველოსა და ბელორუსიის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის, საქართველო-ბელორუსიის ბიზნესსაბჭოს შექმნის შესახებ. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია ბელორუსიის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები