დავით უსუფაშვილი საუდის არაბეთის მეფეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თედო ჯაფარიძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება, სადაც დავით უსუფაშვილმა შეხვედრა საუდის არაბეთის მეფესთან, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდთან გამართა.
სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდმა დავით უსუფაშვილს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვითარდება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ მოხარულები არიან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებით, რაც ქვეყნებსა და ხალხს შორის კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს.
საუდის არაბეთის მეფის თქმით, მნიშვნელოვანია ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაც.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული ინსტიტუტები მზადაა ბიზნესის განვითარებისთვის.
როგორც სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდმა აღნიშნა, ის პირადად დაინტერესდება ჩვენს ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხით, საუდის არაბეთში მოღვაწე ბიზნესმენებს საქართველოთი დაინტერესებისკენ მოუწოდებს და წაახალისებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზეც. სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გააგრძელებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციის „აფხაზეთდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარდაჭერას. დავით უსუფაშვილმა საუდის არაბეთის მეფეს საქართველოში არსებული ვითარება და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ არის საუდის არაბეთის სამეფოს მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი.
პარლამენტის თავმჯდომარემ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდის მასპინძლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. შეხვედრას საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე, შინაგან საქმეთა მინისტრი მუჰამედ ბენ ნაიფ ალ საუდი, ქვეყნის მაჯლის აშ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე, აბდულა ბინ მოჰამედ ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხი, საგარეო საქმეთა მინისტრი ადელ ალ-ჯუბეირი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები