ბრუნო ბალვანერა: საგადასახადო კანონმდებლობის სიახლეებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ჩვენი მოსაზრებები გაითვალისწინა
დღევანდელ შეხვედრაზე შედგა კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის მიღება მოხდება წელს, ხოლო ამოქმედება 2017 წლის 1 იანვარს, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსიაში, ბრუნო ბალვანერამ საქართველოს მთავრობის მიერ საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ეკონომიკის ბევრ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გავლენას – გამარტივდება საგადასახადო სისტემა და დაბეგვრის რეჟიმი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება რეინვესტირების წახალისება.
„მინდა შევაფასო კონსულტაციების ფორმატიც. ხელისუფლებას ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა კერძო სექტორთან. ხელისუფლებამ გაითვალისწინა ჩვენი მოსაზრებები და წინადადებები. დღევანდელ შეხვედრაზე შედგა კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის მიღება მოხდება წელს, ხოლო ამოქმედება 2017 წლის 1 იანვარს,“ – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ კანონპროექტის მიღების შემდეგ უნდა დახვეწოს კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც მოხდება ამ ინიციატივის აღსრულება, მეორე მხრივ, ბიზნესმა უნდა მოახდინოს ადაპტაცია და ყველა იმ ინსტრუმენტის ათვისება, რომელიც საჭირო იქნება ახალი მოდელით გადასახადების დეკლარირებისა და გადახდისათვის. „ყველაფერი ეს მოითხოვდა დროის დამატებით რესურსს, დღეს ჩვენ რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიეთ,“ – აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ.