„პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას

„პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. მისი თქმით, ამ კადრების გავრცელება სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა, მათვე მიუწვდებოდათ კადრებზე ხელი და ამის მკადრებლებიც იყვნენ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ კადრების გავრცელების უკან შესაძლოა, სააკაშვილი, ბოკერია, კეზერაშვილი, დათა ახალაია, გივი თარგამაძე იდგნენ, რადგან, მისივე განმარტებით, ესენი არიან ადამიანები, რომლებთაც აწყობთ და იკადრებდნენ კიდეც ამის გავრცელებას.
„ვის მიუწვდებოდა ხელი ამ კადრებზე, ვის აწყობდა ეს და იკადრებდა თუ არა ამას? ამაზე პასუხს თავადვე სცემენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. ისინი ამას, რა თქმა უნდა, იკადრებდნენ, ხელიც მიუწვდებოდათ და აწყობდათ ეს. საზოგადოებამ განსაჯოს, ბოკერია იკადრებდა თუ არა ამას? იგივე გაქცეული ახალაია, სააკაშვილი, გივი თარგამაძე, კეზერაშვილი იკადრებდნენ თუ არა ამას? ეს ხალხი ამას იკადრებდა. ვინც კადრები ტექნიკურად ატვირთა და დადო, იმას რამდენიმე დღეში ხელს ვერ მოკიდებენ, ეს შეუძლებელია მოკლე დროში მოხდეს. 21-ე საუკუნეში, ამ განვითარებული ტექნოლოგიების პირობებში, ეს ძალიან ძნელია, ხანგრძლივი პროცესია. მოვუწოდებ პროკურატურა, რომ ამ მიმართულებით როგორც აქ დარჩენილ „ნაციონალებზე“, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფებზეც მაქსიმალურად იმუშაონ და თუ კვალი მათზე გავა, დამნაშავეები გამოავლინონ. მე ცალსახად ვფიქრობ, რომ ამ კადრების გავრცელების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. ეს მათ აწყობთ, ხელი მიუწვდებათ და ამას იკადრებდნენ “,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ქანთარიას თქმით, ფარული ჩანაწერების საქმეზე შესაძლოა, მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს „მასტერა“ და ბევრ რამეს ფარდა ახადოს. „მე მგონია, რომ ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ექნება ექსტრადირებულ „მასტერას“, ის ალბათ ამის შესახებ „ოქროს მოწმე“ იქნება. შეუძლებელია მას არ ჰქონოდა წვდომა ამ საკითხთან“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები