ნუკრი ქანთარია: „მასტერა“ ბევრ შემზარავ დანაშაულს ახდის ფარდას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, განზრახ მკვლელობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ, ბრალდებულ გიორგი დგებუაძის, იგივე “მასტერას” ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა.
„პროკურატურა წარმატებით მუშაობს, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში საკმაოდ დასაბუთებული იყო პროკურატურის მხრიდან ყველაფერი და „მასტერა“ გადმოსცეს. ვფიქრობ, ეს ე.წ. მასტერა არა მარტო იმ დანაშაულს, რომელიც მას ბრალად ედება, არამედ სხვა შემზარავ დანაშაულებს ახდის ფარდას. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩამოყვანა და მინდა პროკურატურას ეს წარმატება მივულოცო“,- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, 2005 წლიდან გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ იკავებდა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობას, ხოლო მოგვიანებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსად.
„გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან, დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, „ნავთლუღის“ ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის, შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ პუნქტებითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რასთან დაკავშირებითაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, ხოლო ამ დანაშაულში ჩართული სხვა თანამონაწილეების მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი“,-აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები