დავით უსუფაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება, სადაც საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს, მის სამეფო უდიდებულესობა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდს შეხვდა.
საუდის არაბეთის სამეფოს პრინცმა, რომელიც, ამავდროულად, Kingdom Holding Company of the Kingdom of Saudi Arabia-ს თავმჯდომარეა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი განცხადებით, ეს ამ რანგის პირველი ვიზიტია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ისტორიაში. ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდმა საქართველოში სტუმრობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ჩვენს ქვეყანასთან კარგი მოგონებები აკავშირებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიესალმებიან საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. საუდის არაბეთის სამეფოს პრინცის განცხადებით, საქართველოში იზრდება მისი ქვეყნიდან ჩასული ტურისტების რაოდენობა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საქართველო კარგად გაიცნონ საუდის არაბეთში მოღვაწე ბიზნესმენებმა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა გააქტიურდეს.
დავით უსუფაშვილმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდს გულთბილი მიღებისა და საქართველოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ მასპინძელს საქართველოს სავაჭრო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მისი განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ქვეყანას ვაჭრობის უკეთეს შესაძლებლობებს შეუქმნის და ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებაც ისაუბრეს.
საუდის არაბეთის სამეფოს პრინცის განცხადებით, ის საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერია. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. დავით უსუფაშვილთან ერთად, საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თავისი სტრატეგიული მიმართულებით და ჩვენ ამით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს სტრატეგიული ვექტორები მიემართება არა მხოლოდ დასავლეთისკენ, არამედ აღმოსავლეთისკენ, სადაც საუდის არაბეთს, მთლიანად, ამ რეგიონს, ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და თავისთავად, ერ-რიადში ჩამოსვლა ჩვენი დელეგაციის, აქაურ პოლიტიკოსებში და ანალიტიკოსებში ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. დღეს შეხვედრა გაიმართა პრინც ვალიდთან, ისაა სამეფო ოჯახის წევრი, ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც რამდენჯერმე იყო საქართველოში, აქვს სურვილი, გააგრძელოს ინვესტიციების პოლიტიკა, მოსინჯოს ნიადაგი საქართველოში ამ მხრივ და უნდა გითხრათ, რომ საუბარი, რომელიც შედგა დავით უსუფაშვილსა და პრინც ვალიდს შორის სწორედ ამ თემებს ეხებოდა. განიხილეს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველოს პერსპექტივა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. საუბარი შეეხო, თუ რა მიმართულებით შეიძლება ითანამშრომლონ საუდის არაბეთის სამეფომ და საქართველომ“,- განაცხადა თედო ჯაფარიძემ. დავით უსუფაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსაც ესტუმრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები