პრემიერი ბელორუსიის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 მარტს, ოფიციალური ვიზიტით ბელორუსიის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ შეხვედრას საქართველოს მთავრობის მეთაური ბელორუსიის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართავს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის სახლში გაიმართება, სადაც გიორგი კვირიკაშვილს ბელორუსი კოლეგა, ანდრეი კობიაკოვი უმასპინძლებს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული მოლაპარაკებები და საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელმოწერა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე, შეხვედრებს ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე მიხეილ მიასნიკოვიჩსა და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან გამართავს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმში, დაათვალიერებს მაღალი ტექნოლოგიების პარკს, ასევე, გვირგვინით შეამკობს სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ მონუმენტს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან. ოფიციალური ვიზიტი 23 მარტს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები