ზვიად ქორიძე: ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა რვა უვადო მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტის მიერ დებულებაში შეტანილი ცვლილებით, უვადო მსჯავრდებულს შეწყალებაზე მოთხოვნის შეტანის უფლება მიეცა, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს უვადო მსჯავრდებულთა მდგომარეობა აწუხებს.
მისივე თქმით, 25-წლიანმა ვადამ 15 წლამდე დაიწია.
„პრეზიდენტის ინიციატივით, 25-წლიანმა ვადამ 15 წლამდე დაიწია და უვადო მსჯავრდებულების საკითხს, რომლებსაც 15 წელი საპატიმრო სასჯელი აქვთ მოხდილი, შეწყალების კომისია არსებითად განიხილავს“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ კომისია უვადო მსჯავრდებულთა საკითხებს ისედაც განიხილავს და პრეზიდენტს რეკომენდაციებს წარუდგენს.
„ამ ორი წლის განმავლობაში, რვა უვადო მსჯავრდებული შეიწყალა პრეზიდენტმა. შეწყალება თავისთავად ნიშნავს გათავისუფლების განსაზღვრული ვადების დადგენას, ვადიან მსჯავრზე გადაყვანას. ეს პროცესი გრძელდება და შეწყალების კომისიაში მუდმივად შემოდის ამა თუ იმ უვადო მსჯავრდებულის საკითხი. ბუნებრივია, უვადო მსჯავრდებულთა დანაშაულები, საკმაოდ მრავალმხრივია და დანაშაულების საკმაოდ ფართო სპექტრია. კომისია ცალკეული ამ დანაშაულების დეტალებსაც სწავლობს“, – აღნიშნა ქორიძემ.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ხელისუფლებასა და პარლამენტს უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ მოუწოდა.