რუსეთის საგარეო უწყება: „ქართული კონფრონტაციული პროპაგანდა” უარყოფითად მოქმედებს ჟენევის დისკუსიებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათივე განმარტებით, ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე ოფიციალური თბილისის მხრიდან “ანტირუსული გამოხტომების მკვეთრი გააქტიურება” შეინიშნება. უწყება მოუწოდებს პარტნიორებს, რომ მათ ზომიერება გამოიჩიონ და თავიდან აიცილონ ის პროცესი, რომელმაც შესაძლოა, ურთიერთობების დამყარებას ხელი შეუშალოს.
“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრაზე პრაღაში, ჩვენ მოვუწოდეთ პარტნიორებს, დაიცვან ზომიერება საკუთარ პიარვარჯიშებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ზიანი ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების მიმდინარე პროცესისთვის”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
უწყების მოსაზრებით, “ქართული კონფრონტაციული პროპაგანდა” უარყოფითად მოქმედებს ჟენევის დისკუსიების ატმოსფეროზე და ამავე კონტექსტში განიხილავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო უწყება ამ ანგარიშებს უწოდებს “ღია ცილისწამებას” აფხაზეთის, “სამხრეთ ოსეთისა” და რუსეთის მისამართით. უწყება იმედს გამოთქვამს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კონსტრუქციულ ჭრილში გაიმართება, ამავდროულად, აღნიშნავს, რომ დაგეგმილ შეხვედრაზე რუსული დელეგაცია კვლავ დააყენებს საკითხს ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები