მანანა კობახიძე: საქართველო ინტენსიურად მუშაობს ძალადობის აღმოფხვრაზე
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გაეროში, რომლის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი მანანა კობახიძე იყო, წარმატებით დასრულდა. დელეგაციის წევრები იყვნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერულ თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და საქართველოს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლები. ისინი ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის მე-60 სესიას დაესწრნენ. კომისიის მთავარ სამუშაო თემას „ქალთა გაძლიერება და მისი როლი მდგრადი განვითარების პროცესში“ წარმოადგენდა. ასევე, კომისიამ შეაფასა 59-ე სესიაზე მიღებული დასკვნების იმპლემენტაციის პროგრესი, რომელიც ქალთა და გოგონათა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის აღმოფხვრას და პრევენციას შეეხება. მანანა კობახიძემ სესიაზე ქვეყნის სახელით ოფიციალურად მიმართა საზოგადოებას და ქალთა გაძლიერებაზე, მათ ჩართულობაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ამ მიმართულებით ქვეყნის სტრატეგიაზე ისაუბრა.
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელმწიფოს სახელით წარვდგე თქვენ წინაშე ამ მეტად მნიშვნელოვან ფორუმზე და მონაწილეობა მივიღო დისკუსიაში, რომელიც უკავშირდება ღონისძიების პრიორიტეტულ თემას – ქალთა გაძლიერებასა და კავშირებს მდგრად განვითარებასთან. ამასთანავე, მსურს გამოვხატო მადლიერება გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის თავმჯდომარისა და ბიუროს წევრების მიმართ ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის და ხაზი გავუსვა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სამდივნოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას მე-60 სესიის მუშაობის საქმეში.
უპირველესად ყოვლისა, მინდა მივესალმო 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის, განსაკუთრებით – მე-5 მიზნის მიღებას, რომელიც გულისხმობს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ქალთა და გოგონათა გაძლიერებას.
ჩვენ გვჯერა, რომ მდგრადი განვითარება შეუძლებელია მიღწეულ იქნეს ქალთა გაძლიერებისა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აღმოფხვრის გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს შეურიგებელი ბრძოლა ფემიციდთან, იძულებით ქორწინებასთან, ტრეფიკინგთან, ქალთა სექსუალურ და სხვა ტიპის ექსპლოატაციასთან, სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან, ნაადრევ და იძულებით ქორწინებასთან და გენდერული დისკრიმინაციის სხვა გამოვლინებებთან. ჩვენ მივისწრაფვით, რომ მოხდეს ძალადობის პრევენცია სამსახურებში, უნივერსიტეტებში, სკოლებსა თუ სხვა საჯარო დაწესებულებებში, ისევე როგორც ოჯახში. შესაბამისად, საქართველო ინტენსიურად მუშაობს ძალადობის აღმოფხვრაზე ორიენტირებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. გასულ წელს „სტამბოლის კონვენციის“ ხელმოწერაც, რომლის რატიფიცირება მალე მოხდება, ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.
გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის ყოველწლიური სესია ოფიციალურად 24 მარტს დაიხურება.