„ამ დროის მონაცემებით, ესპანეთში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან“
ესპანეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და გარდაცვლილებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, – ამის შესახებ „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„ბარსელონაში საქართველოს საკონსულო ესპანელ სამართალდამცველებთან მუდმივ კომუნიკაციაშია. ამ ეტაპზე რა მონაცემებიც აქვთ ესპანელ სამართალდამცავებს, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. დამატებითი დეტალები ზუსტდება”, – აცხადებენ სამინისტროში.
ესპანეთის პროვინცია ტარაგონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 14 სტუდენტი დაიღუპა. ავტომანქანას ავტობუსი შეეჯახა, რომელსაც ბარსელონაში 56 ადამიანი გადაჰყავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 06:00 საათზე მოხდა. დაღუპული სტუდენტების უმეტესობა უცხოელები არიან. ესპანეთში კი ისინი “ერასმუსის” სტუდენტური გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ტრასა, სადაც ავტოავარია მოხდა, გადაკეტილია. ავარიის სავარაუდო მიზეზი ავტობუსის მძღოლის მიერ მართვის დაკარგვაა.